მეტროსადგურ “მარჯანიშვილი”–ს მეორე ამოსასვლელი მდებარეობს მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების გადაკვეთაზე. ამოსასვლელის მშენებლობა მიმდინარეობდა მე XX საუკუნის 80 წლებში და მისი მთავარი დანიშნულება იყო მაშინდელი უნივერმაღისკენ (დღევანდელი თიბისი ბანკი) და მარჯანიშვილის თეატრის სატრანსპორტო მომსახურება. არსებული მდგომარეობით აშენებულია სადგურის ვესტიბიული, საესკალატორო დაღმართი, საესკალატორო და სავარაუდოთ სარელეო დარბაზი, წყალშემკრები კამერა და რაც მთავარია დამონტაჟებული ჰერმენტული კარები. მეორე ამოსასვლელის კომპლექსი სრულდება კლდით, რომლის იქეთაც მარჯანიშვილის სადგურია, რომელთანაც იგი 90° კუთხით უნდა დაკავშირებულიყო, რაც ძალიან უცნაურია.
|
მეტროსადგური "რუსთაველი 2"_ს მშენებლობა მიმდინარეობდა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს. მეტროს მშენებლებმა ამ მცირე დროის განმავლობაში ააშენეს ჰორიზონტალური სამშენებლო გვირაბი, რომლის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 800 მეტრს. ეს მიწისქვეშა ნაგებობა ცნობილია მრავალი სახელით – მეტრომშენში მას იცნობენ როგორც «მე-60 შახტას», ჟურნალისტებისთვის ეს ბერიას საიდუმლო გვირაბია. გვირაბი გამოირჩევა ბევრი რამით – სიმრუდით, სადრენაჟო გასასვლელით მოსკოვის ხევის კოლექტორში, პირველ ხაზზე მოძრავი მატარებლების ხმაურით და ბოლოში მობილური კავშირის გააქტიურებით.
|
თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ქალაქის მერიას N6-ში მდებარე სახლის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული სახლის მახლობლად ბარ-რესტორნებია განთავსებული, სახლს დიდი გალავანი აკრავს, დაკეტილია სახლის კარიც და ჭიშკარიც, თუმცა მის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სახლში ხშირად შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ჩვენი რესპონდენტის, ნოე რამინაშვილის ბინას და მიტოვებულ შენობას ერთი ღობე ყოფს. როგორც ბატონი ნოე აცხადებს, ეს საუკუნის წინ აგებული სახლი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ კი ნუგზარ შევარდნაძემ შეიძინა, მაგრამ სახლში საცხოვრებლად შევარდნაძეების ოჯახი არ გადასულა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია დედასთან და დასთან ერთად. რამდენიმე თვის წინ მის სიახლოვეს წითელი აგურით ნაშენი გვირაბი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ამ საიდუმლო გვირაბით ბერია სარგებლობდა. თუ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთ დავუჯერებთ, ისინი ხშირად გამხდარან უცნაური მოვლენების მომსწრენი, ადრე აქ თვით ბერიას მოჩვენებაც შეუნიშნავთ.. მოპირდაპირე სახლში მცხოვრების, ლეილა გორდეზიანის განცხადებით, მიტოვებული სახლიდან ღამის საათებში ვიღაც ხშირად ისვრის ქვებს, ზოგჯერ კი სახლში, სადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები არ არის სინათლე ირთვება.
|
მეტროსადგური “სახელმწიფო უნივერსიტეტი” მდებარეობს ვაჟა–ფშაველას გამზირის ბოლოს. მისი მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90– ანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. დღესდღეობით მშენებარე უბანზე სამუშაოების 90 % მეტი შესრულებულია. კონკრეტულად კი აგებულია მარცხენა და მარჯვენა გადასარბენი გვირაბები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 960 მეტრს შეადგენს, ტექნოლოგიური სათავსოების ბლოკი, წევითი-დამადაბლებელი ქვესადგურის დარბაზი, დახრილი საესკალატორო გვირაბი. დასამთავრებელია სადგურის ბაქნიანი უბანი, რომელიც საეჭვოდ დაიბზარა, ასაქცევი საკანი და მოსაბრუნებელი ჩიხები, ვესტიბიული და მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასავლელები, შიდა კონსტრუქციების მშენებლობა, სადგურისა და ვესტიბიულის არქიტექტურული გაფორმება. შესასრულებელია დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები: ლიანდაგის დაგება და საკონტაქტო რელსის მოწყობა, ესკალატორებისა და ვენტილატორების მონტაჟი, წყალმომარაგების, წყალმოცილებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ელექტრომომარაგების, მატარებლების მოძრაობის ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, ხანძარუსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი. სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტზე” სამუშაოები 2000 წლიდან გაჩერებულია. ამჟამად სადგურისა და გვირაბის კონსერვაცია მიმდინარეობს. მშენებლობა, სავარაუდოთ, მომავალ წელს უნდა განახლდეს. მშენებლობის დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი. “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნასთან ერთად, სრულად დაიტვირთება ვაჟა-ფშაველას ორივე გვირაბი, სადაც გაუქმდება ერთლიანდაგიანი მოძრაობა და მგზავრებს აღარ მოუწევთ ვაგონიდან ვაგონში გადაჯდომა.
|
ღრმა ღელეს გვირაბი აშენდა 1970 წელს. მისი უმთავრესი დანიშნულება არის თბილისის ზღვიდან გამავალი მილსადენის ტექნიკური მომსახურეობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. გვირაბის დასაწყისი ღრმა ღელეს დასახლებაშია, ხოლო დასასრული თბილისის ზღვის ნაპირზე. მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია, ხოლო დიამეტრი 2 მეტრს შეადგენს.
|
|