ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს "ეშმაკის სახლს" უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის სარდაფში, როგორც ამბობენ, ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს - ლეგენდის თანახმად, ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა შეიძინა, სახლში არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. ვაჭარი გავრცელებული ინფორმაციით, სპირიტიზმით იყო დაინტერესებული, აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები. ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს. ე.წ. ეშმაკის სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ეშმაკის სახლში" მომხდარი მოვლენების მიხედვით გადაიღო სერიალი "სახლი ძველ უბანში" ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც რეალურ მისტიკურ მოვლენებზე იყო დამყარებული.